ჯანდაცვა: სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება — სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოადგილე ირინე წაქაძესთან და ბენეფიციართა მშობლებთან ერთად „საქართველოს ეტლების საწარმოში“ იმყოფებოდა, სადაც ადგილზე დაათვალიერა არსებული პროდუქცია და გაეცნო დამხმარე საშუალებების წარმოების პროცესს.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც პაციენტების, ისე - მათი ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას და გაამარტივებს მოვლის პროცესს.
შეხვედრაზე ბენეფიციარების მშობლებმა მინისტრს არსებული საჭიროებები გააცნეს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია პროგრამების განვითარება პაციენტების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მსგავსი ინიციატივები მომავალშიც
განხორციელდება.