ივანე ჩხაიძე: სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა - გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ვირუსად
ქვეყანაში სეზონური ვირუსების ცირკულაციის პერიოდი გახანგრძლივებულია. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი გადავლილია, თუმცა, გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ვირუსად.
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, მაღალი რჩება ვირუსების მიმდინარეობა ფილტვების ანთების ფონზე.
„სეზონური ვირუსები გახანგრძლივდა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, მიუხედავად მოლოდინისა, რომ გრიპის შემთხვევები და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის - გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი გადავლილია, თუმცა, გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ვირუსად.
დიახ, ვადასტურებ, გრიპზე მომართვიანობა შედარებით შემცირებულია, მაგრამ ამ მომართვიანობის ხვედრითი წილი - ფილტვების ანთებით მიმდინარე, მაინც მაღალი რჩება.
მაღალი რჩება ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა - პრაქტიკულად განახევრებულია, რაც აიხსნება კიდეც იმით, რომ გრიპის შემთხვევები წინა პერიოდთან შედარებით, როდესაც 30-35% იყო, არის მკვეთრად შემცირებული“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ აპრილში, მაისსა და ივნისში გრიპის შემთხვევების მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაღალია საავადმყოფოებში მიმართვიანობა და ძირითადად, სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს.
„ქვეყანაში არსებული სურათი მიუთითებს იმაზე, რომ მაინც მაღალი რჩება მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული-ვირუსილი ინფექციების თვალსაზრისით. მაღალია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, თუმცა საავადმყოფოებში მძიმე შემთხვევების რაოდენობა არის შემცირებული.
სამივე ტიპის ვირუსს აქვს მკვეთრად განსხვავებული მიმდინარეობა. გრიპისთვის ძირითადად დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების, სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. რესპირაციულ ვირუსს უფრო მეტად ახასიათებს ხველა მაღალი ტემპერატურის, კუნთების და სახსრების ტკივილის გარეშე. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი მოზრდილებში იწვევს ფილტვების ანთებას. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს, რაც შეიძლება, საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზიც გახდეს. რინოვირუსი ამ სამ ვირუსს შორის, ყველაზე ნაკლებად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ეს არის ტიპური გაციების ვირუსი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.