Loading data...
ივანე ჩხაიძე: H3N2 ტიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა, უფრო გადამდებია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის სეზონი წელს ადრე დაიწყო.

მისი თქმით, წელს საქართველოში ძირითადად H3N2 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. 

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა.

„გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. თუ შევადარებთ ბოლო 5 წლის სტატისტიკას, პირველი შემთხვევები წელს ცოტათი ადრე გამოჩნდა. პირველი და ყველაზე ხშირი გამომწვევი გრიპის სხვადასხვა ტიპის ვირუსებს შორის 2025-2026 წლის სეზონზე არის H3N2 ტიპის ვირუსი. ზოგადად, როდესაც გრიპის ვირუსზე ვსაუბრობთ აქცენტი გვაქვს - A ტიპის ვირუსზე ან B ტიპის ვირუსზე. A ტიპის ვირუსს რაც შეეხება ჩვენთვის კარგად ნაცნობია H5N1 ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი და ამავდროულად მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი H3N2 ტიპის ვირუსი.

ეს ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს არ გახლავთ ახალი და ჩვენთვის უცხო. თუმცა ამ ვირუსმა შეიძინა გარკვეული მუტაციები, 2025 წლის ივნისიდან და გახდა უფრო გადამდები.

ერთი განმასხვავებელი ამ ვირუსებისა არის ის, რომ ადრე დაიწყო შემთხვევების დაფიქსირება და მეორე – შესაძლოა, აქედან გამომდინარე, ადრე გამოვლინდეს ამ ვირუსების მატების პიკი. სტატისტიკის მიხედვით, 2024- 2025 წლის სეზონზე პიკი მოდიოდა მაქსიმუმ თებერვლის მეორე კვირაზე, წელს, შესაძლოა, ეს პერიოდი გაცილებით ადრე – დეკემბრის მეორე ნახევარში ან იანვრის პირველ ნახევარში დადგეს. საქართველოში ძირითადად ცირკულირებს - H3N2 ვირუსი. 

გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მომართვა როგორც ამბულატორიულ რგოლში, ისე სტაციონარულში, ძირითადად განპირობებული იქნება 5 წლამდე ასაკის ბავშვების ავადობით. როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში, ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენთანაც კლინიკაში მომატებულია მომართვიანობა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა.

დილის მონაცემებით, 32 ბავშვია, რომელიც მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადების დიაგნოზით, მათ შორის 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ეს გულისხმობს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობს, უფრო ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.

სხვა ტიპის ვირუსისაგან განსხვავებით გრიპს ახასიათებს: 👇

🔹მაღალი ტემპერატურა - 38 და მეტი

🔹ხველა

🔹ძლიერი თავის ტკივილი

🔹ყელის ტკივილი

🔹სახსრებისა და კუნთების ტკივილი

🔹საერთო სისუსტე

🔹უმადობა

🔹ბავშვებში შეიძლება იყოს - ნაწლავთა მოქმედების გახშირება და ღებინება

ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ გადატანის, მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი გახანგრძლივება H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.