იტალიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართება
იტალიაში, ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება – 23:30 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდება და მისი სახელწოდება იქნება „სილამაზე მოძრაობაში“ (Beauty in Motion). ორგანიზატორთა თქმით, ცერემონია იტალიურ კულტურას, ხელოვნებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გააერთიანებს.
დახურვის ცერემონიის უმნიშვნელოვანესი პროტოკოლური ნაწილი ოლიმპიური დროშის გადაცემის სიმბოლური რიტუალია. მილანისა და კორტინა დ’ამპეცოს მერები ოლიმპიურ დროშას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გადასცემენ, ის კი, თავის მხრივ, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლებს - საფრანგეთის ალპების წარმომადგენლებს. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება ახალი ოთხწლიანი ციკლი.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც. ქართველებისთვის 2026 წლის ოლიმპიადა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა გუნდმა პირველი მედალი მოიპოვა - ფიგურულ ციგურაობაში, წყვილთა შორის ვერცხლს დაეუფლნენ ლუკა ბერულავა და ანასტასტია მეტელკინა.
ოლიმპიურ თამაშებზე არაერთი რეკორდი დამყარდა, ხოლო პირველობა არავის დაუთმო ნორვეგიის ნაკრებმა, რომელსაც ყველაზე მეტი მედალი ხვდა წილად.