ISFED-ის მორიგი ტყუილები და მანიპულაცია

ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა სათაურით - „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები. აღნიშნულ კვლევაში, სხვა მედია სააგენტოებთან ერთად, ISFED-ს არც „შპს პირველი“ გამორჩენია და არც ახალი ზღაპრის შეთხზვა დაიზარეს.
ე.წ. კვლევა ალბათ უფრო საინტერესო წასაკითხი იქნებოდა, ავტორს მაგალითად, პენსიონერების ნაქურდალი ფულით დაფინანსებული მედიები რომ ეხსენებინა, თუმცა, ამისათვის მათი წინამორბედების პოზიდან გამოსვლაა საჭირო, რაც მათთვის შეუძლებელია.
სამაგიეროდ ზუსტად იმ გზას დაადგნენ, რაც მათთვის ორგანულია - საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კვლევის ავტორმა რიცხვებით მანიპულირება და მკითხველების დაჯერება გადაწყვიტა, თითქოს „შპს პირველმა“ მოგებული ტენდერებით „მილიონები იშოვა“, მაგრამ იქ, სადაც ISFED-მა 2020 წლის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ჯერ გააყალბა, შემდეგ აღიარა და ბოლოს დირექტორი გადადგა, რთული წარმოსადგენია, მკითხველის ნდობა დაიმსახუროს.
ის, რომ ISFED-ში ანალიზის უნარი არ აქვთ, ამას სულ რაღაც ნახევარ წუთში დარწმუნდებით:
👉 დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ 6-წლიანი შემოსავლების ჯამურად დათვლა ვერაფერს მივაწერეთ, დიდი რიცხვის მიღებისა და მკითხველების შეცდომაში მარტივად შეყვანის გარდა
👉 ISFED-ი ამბობს, რომ Newshub.ge 2020 წლამდე იყო Pia.ge. არადა 2023 წლამდე იყო Pia.ge. 3 წელი შეეშალათ, ვაპატიოთ
👉 კვლევის ავტორს არ აწყობს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ „შპს პირველი“ ოთხ მედიაპლატფორმას აერთიანებს და მხოლოდ Newhub.ge-ს ახსენებს
👉 მართალია ბოლო წლებში „შპს პირველმა“ ჯამურად 2,6 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა, მაგრამ კვლევის ავტორს რატომღაც „გამორჩა“, რომ ამ თანხას უნდა მოაკლოს დღგ 18% და რა თქმა უნდა, არც იმაზე საუბარი აწყობს, რომ დარჩენილი თანხა ათეულობით ქვეკონტრაქტორ სააგენტოზე ნაწილდება
👉 ISFED-გან განსხვავებით, გამჭვირვალობაზე საუბარი არ გვეუხერხულება და იმასაც ვიტყვით, რომ საბოლოოდ კომპანიაში, 2 წლის განმავლობაში, შემოსავლის და არა მოგების სახით, დარჩა 970 ათას ლარამდე, რომლის უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯების გასასტუმრებლად მიემართა
ISFED, ხედავ, რა კარგია გამჭვირვალობა? შენ კი ებრძვი მას და საკუთარი ფინანსების დეკლარირებას არ ახდენ.
საინტერესო იქნებოდა იმ რადიკალური ონლაინმედიების დაფინანსებაზე გესაუბრათ, რომლებსაც თქვენნაირი ენჯეოები მფარველობენ.
თქვენს კვლევაში ჩამოთვლილი ყველა ონლაინმედია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ეკოსისტემას უწოდებთ, ყოველთვის დაბალანსებულ და ობიექტურ ინფორმაციას აქვეყნებს, რაც წლებია, კარგად იციან მკითხველებმა. ისიც კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, რომ სხვისი ქვეყნის ინტერესებს იცავთ და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს აკეთებთ.
სამაგიეროდ არ იციან თქვენ როდის, რამდენს და რისთვის იღებდით ფულს. თუმცა, ალბათ, აღარც არის საინტერესო. დრომ ყველაზე კარგად შეაფასა თქვენი „დამსახურება“ ერისა და ქვეყნის წინაშე.
ჩვენი და ჩვენი მეგობარი ონლაინმედიების მკითხველებს კი მადლობა მრავალწლიანი ნდობისა და ერთგულებისთვის.
Newshub.ge-ს რედაქცია