info9.ge საკუთარ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე სისტემატურ შეტევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საინფორმაციო სააგენტო info9.ge საკუთარ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე სისტემატურ შეტევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე სისტემატურ თავდასხმებს, რომლებიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სისტემატურად ფიქსირდება.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენს ფეისბუქგვერდზე აქტიურად ხორციელდება ორგანიზებული შეტევები: იგზავნება ყალბი რეპორტები, ყალბი ანგარიშებით/ექაუნთებით, რომლის მიზანია ჩვენი მკითხველების შეცდომაში შეყვანა და info9.ge-ს დისკრედიტაცია.
საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება არის ჩვენი სააგენტოს სანდოობისა და რეიტინგის მთავარი გარანტი.
მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რეპორტების გამო უსამართლოდ შეგვეზღუდა გარკვეული ფუნქციები. სამწუხაროდ, ამის მიზეზიც დღემდე არ ვიცით.
ყალბი რეპორტების ხარჯზე ხშირად ხდება სარეკლამო ანგარიშის დაბლოკვაც.
Factchecker-ები უკვე წელიწადზე მეტია აბსურდულ სტატიებს წერენ ჩვენზე და ფეისბუქგვერდზე false information claim-ს აგზავნიან.
26 ნოემბერს, „რეპორტების ჯგუფმა“ საკუთარ წევრებს მოუწოდა info9.ge-ს დაბლოკვისკენ, რომლის დამადასტურებელი სქრინი ჩვენს რედაქციას მკითხველმა გამოუგზავნა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ Info9.ge-ზე არ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. info9.ge არის დამოუკიდებელი ვებგვერდი, რომელსაც გააჩნია საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა, ჰყავს მრავალი გამომწერი და წლებია მკითხველებში სანდოობით სარგებლობს.
აქვე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქართველოში ოპერირებდა ორი ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო ფაქტების გადამოწმების პროგრამის ლიცენზია(IFCN). ესენი იყვნენ: factcheck.ge და mythdetector.com . ეს ორგანიზაციები არიან მიკერძოებულები, მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და წარმოადგენენ ცალსახად მხარეს. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს.
ვცადეთ მათი ვერდიქტების გასაჩივრება, თუმცა, ყოველ ჯერზე მათგან ვიღებდით უარს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში და ვერდიქტებში. მათ აქვთ პოლიტიკური შეხედულებები, რომელსაც საჯაროდაც აფიქსირებენ და მათი მიზანი არის ჩვენი ფეისბუქგვერდის საბოლოოდ წაშლა.
საბოლოოდ მათ შეძლეს და Info9.ge-ს ფეისბუქგვერდს შეუზღუდეს რეკლამის (Boosting) ფუნქცია, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებდით, ასევე, გვერდს შეუზღუდეს აუდიტორიისთვის გვერდის შეთავაზების (recommendation) ფუნქცია. გვერდი 2012 წლიდან არსებობს, ამ დროის განმავლობაში აქტიურად ვზრდით აუდიტორიას და წარმოვადგენთ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროს „ფეისბუქზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.