Loading data...
ილია მეორე: სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს, ისინიც, ვინ ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ

„უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, „ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია“.

მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.

სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.

იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული… მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს… იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკობი 3,6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკობი 3.2).“, - აღნიშნულია ეპისტოლეში.