Loading data...
გლდანის მერვე მიკრორაიონში, 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. სამუშაოები მე-8 მიკრორაიონში, N28-33 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია. 8 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე უკვე განახლდა, ხოლო დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული პროექტი ორ ნაწილად ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, დღეს კი გვაქვს განახლებული სკვერი, სადაც განთავსებულია ბავშვებისთვის ატრაქციონები, სატრენაჟორო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, სასეირნო ბილიკები. ტერიტორიაზე დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სარწყავი და განათების სისტემები. რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, სამუშაოები დაწყებულია და მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ მათი ჩართულობით, ათამდე ფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სამუშაოები შემოდგომაზე დამთავრდება და ერთ ჰექტარზე მეტი სივრცე იქნება ყველანაირად მოწესრიგებული. ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან მათ დასასვენებელი და გასართობი სივრცე ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები.

ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება საპარკო ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 000 000 ლარია.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.