გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა.
გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივებიც განიხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უნივერსიტეტში პრაქტიკული უნარ-ჩვევების, ჰისტოპათოლოგიური, ანესთეზიოლოგიისა და რეაბილიტაციის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის, ასევე, კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორიები მოეწყო.
თითოეული სიმულაციური-სასწავლო კაბინეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულაჟებით და ხელსაწყოებით სრულად აღიჭურვა, რაც ვეტერინარიის სტუდენტებს პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
ლაბორატორიების კეთილმოწყობასთან ერთად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, სრულად განახლდა უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სახურავი.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ლაბორატორიების მოწყობის ღირებულება ჯამში მილიონ ლარზე მეტია.
მინისტრთან ერთად უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.