გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსწავლეთა მშობლებს განათლების რეფორმის ახალი ინიციატივები გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით მშობლების, ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი პოზიციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სასკოლო ფორმა, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა და სხვა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ
წიკლაური და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.