Loading data...
გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლის იუბილე მიულოცა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მან პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსების თარიღი მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს – უნივერსიტეტის რექტორატს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, თითოეულ თანამშრომელს. ასევე, ვულოცავ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ამ კედლებში მიღებული განათლებით, საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროსაც კი, წარუშლელი კვალი დატოვეს და მაღალი პროფესიონალიზმით ასახელეს ჩვენი ქვეყანა.

ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც უკვე მეორე ასწლეულში შეაბიჯა, დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სასწავლებელია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობასთან ახლად მოწყობილ სკვერში, გამორჩეული ქართველი მეცნიერის გიორგი ნიკოლაძის ძეგლი გაიხსნა.

მოწვეულმა სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ახალგახსნილი სტროუ ლაბორატორია, სადაც უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გაეცნენ. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში შექმნილ მასალებს ფართოდ იყენებენ მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაცია (KEK) და J-PARC-ი, ამერიკის ფერმის ლაბორატორია (FERMILAB) - მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 104-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ქალაქ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა, სასულიერო პირებმა, აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.