Loading data...
გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და UNESCO-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი იყო 2022 წლის სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესის შეჯამება და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების - მიღწევის პროცესის დაჩქარების ხელშეწყობა.

სამიტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან და განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენთან.