გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საპატიო პრეზიდენტთან,
პროფესორ ვოლფგანგ ა. ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვოლფგანგ ა. ჰერმანს KIU-ს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ამ მიმართულებით გერმანული მხარის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, KIU-ს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი აკადემიური პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის დასასრულს ვოლფგანგ ა. ჰერმანმა გივი მიქანაძეს როგორც უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტურავა და ააიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი.