გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„უნივერსიტეტში გატარებული წლები, აკადემიური ცოდნის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე, განაგრძობთ განვითარებას და ღირსეულად გაივლით თქვენს პროფესიულ გზას.
მჯერა, თქვენი ცოდნითა და შესაძლებლობებით ასახელებთ სამშობლოს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების დასასრულს მინისტრმა, უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად, სტუდენტებს სიგელები გადასცა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 282 კურსდამთავრებული ჰყავს.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება ასევე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.