Loading data...
გივი მიქანაძე ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქნესეთის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დევიდ ბიტანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრის თქმით, ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო პარტნიორია, რომლის გამოცდილების გაზიარება განათლებისა და მეცნიერების სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მხარეებმა იმსჯელეს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებზე, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებაზე. ამ მიმართულებით დევიდ ბიტანმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.