Loading data...
გივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე

ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, „როგორც ვიცით, წელს პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება. რამდენად გაზარდა ამ ფაქტორმა მოთხოვნილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლაზე. როგორ აისახა შედეგებზე ეს გადაწყვეტილება?“

მინისტრის თქმით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან დაახლოებით 20 პროცენტია პირველი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე.

„თქვენ შესავალშივე ახსენეთ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თუ ჩვენ ვნახავთ სტატისტიკურ მონაცემებს, პირველი არჩევანი ამ 43 ათასიდან პროცენტული გადანაწილებით როგორ გაკეთდა, გეტყვით, რომ თითქმის 80 პროცენტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტების არჩევანი. დაახლოებით 20 პროცენტია პირველი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე. რა თქმა უნდა, აქ არის ის ფაქტორები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების იმიჯთან, მათ ტრადიციულ მახასიათებლებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მმართველი გუნდის მიერ მიღებული გასული წლის დეკემბერში, რომლითაც ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ გამოცდების შედეგად ჩარიცხული და შემდგომი წლების განმავლობაში მიღებული სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. ამ ყველაფერმა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. დღესაც, როდესაც მე ვეგებებოდი აბიტურიენტებს, რომლებთანაც მქონდა შესაძლებლობა, საგამოცდო ცენტრში შესვლამდე გავსაუბრებოდი, მათგან უდიდესი უმეტესობა ცალსახად აღნიშნავდა, რომ მათი სურვილია, სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.