გიორგი ჯინჭარაძე: მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის №2 საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად სკოლაში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
გიორგი ჯინჭარაძემ სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებზე იმსჯელა.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს სკოლებში არსებული პირობების შესწავლა და მათი ეტაპობრივად გაუმჯობესება.
„მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით, პირადად ვეცნობი მთელი ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას. აღნიშნულ სკოლაში მცირე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება უკვე დავიწყეთ. პროცესი გაგრძელდება და ცენტრალური მთავრობის ხელშეწყობით ყველა არსებული საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ვითარების გაცნობას, რაც მიზნად სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებას და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ისახავს.