გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
2025 წლის ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პროკურატურის როგორც საგამოძიებო ორგანოს საქმიანობა, არსებული ტენდენციები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელება პროკურატურას განვითარებასა და ეფექტიანობის ზრდაში დაეხმარება.
საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის მიერ წარდგენილ ანგარიშში ასევე საუბარია პროკურატურის საქმიანობის შედეგებზე ისეთი ცალკეული დანაშაულების მიმართ როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულები, ქალთა მიმართ ძალადობა, ცალკეული ეკონომიკური დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელყოფა, ტერორიზმი, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოწყვლადი პირების დასაცავად გატარებული პოლიტიკა.
„მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება, რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაძლიერება“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
საბჭოს სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება.
ასევე სამართალწარმოების განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა.
„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად რჩება დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.