გიგლა თამაზაშვილი: ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უნდა იყოს სტაბილური და საიმედო
„საქართველოს მელიორაციისთვის“, როგორც მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ახალი წყალსაცავებისა და რეზერვუარების მოწყობა, რათა წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური გახდეს და ფერმერებს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამ მიზნით კომპანია აქტიურად იკვლევს როგორც ახალი წყალსაცავების მოწყობის, ისე ადრე შეჩერებული ან ამორტიზებული ობიექტების აღდგენისა და ექსპლუატაციაში დაბრუნების შესაძლებლობებს.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მათ ადგილზე არსებული ვითარება და სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოფხვრის შესაძლებლობები განიხილეს.
„გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსების აკუმულირება და მარაგების შექმნა, რათა ჩვენი ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მცირე ზომის რეზერვუარებისა და წყალსაცავების მოწყობა, რომლებიც, განსაკუთრებით გვალვის პერიოდში, უზრუნველყოფენ სარწყავი წყლით მომარაგებას. ამ მიზნით „საქართველოს მელიორაციამ“ ფართო კვლევები დაიწყო. განვიხილავთ როგორც გასული საუკუნის ბოლოს შეჩერებული პროექტების აღდგენის შესაძლებლობას, ასევე ვარჩევთ ახალ ადგილებს, სადაც პატარა რეზერვუარების მოწყობა იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს წყალუზრუნველყოფილი ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
გიგლა თამაზაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერას და მათი სარწყავი წყლით უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სარწყავი წყლის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მდინარე ბერშუელაზე მცირე ზომის წყალსაცავის მოწყობის შემთხვევაში, ობიექტი მიმდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.