Loading data...
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ახალგაზრდობის ხმა“ მონაწილეებს უმასპინძლა

ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა მდინარაძემ შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს ქართული ღვინის კულტურა, ისტორია, მიღწევები და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციები გააცნო.

სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპონატები.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარმოადგენენ. შეხვედრაზე აღინიშნა ახალგაზრდების ჩართულობის და მათი კვალიფიციური ცოდნის მნიშვნელობაზე ქართული მეღვინეობის დარგის განვითარებასა და ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნაში.

„ახალგაზრდებს გავაცანით ქართული ვაზისა და ღვინის 8 ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციები და ისტორია. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე - თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის მიმართ გატარებულ ღონისძიებებს და როგორ ხდება მისი კონტროლი“, - აღნიშნა ირმა მდინარაძემ.

პროექტს „ახალგაზრდობის ხმა" დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი 2025 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„პროექტის „ახალგაზრდობის ხმა" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს სამზადისი დებატების ჩემპიონატისთვის. ჩვენთვის ყველაზე აქტუალური თემაა გარემოს დაცვა. დღეს ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული ყველა სტანდარტი და ჩვენს ქვეყანაში როგორია პროგრესი ამ მიმართულებით“, - აღნიშნა დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ.