Loading data...
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა „Georgian Grand Tasting“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სტუმარმასპინძლობის სექტორის (HoReCa) და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 40 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. აღნიშნული ფორმატის ღონისძიება ქართველი მწარმოებლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ პოლონელ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასები, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, სააგენტოს ღონისძიებების კოორდინატორი ირაკლი ჩოლობარგია, პოლონელი სომელიეები იან კნობერი და სიმონ მილონასი უძღვებოდნენ.

დეგუსტაციაზე „Georgian Grand Tasting“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა მიიღეს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულს ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება.