ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ

ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე 50 სასულიერო პირს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
მინისტრმა სასულიერო პირებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და სკოლებში ღირებულებითი განათლების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღირებულებითი განათლების პროგრამა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლობით შემუშავდა და ის საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში.
მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სპეციალურად გადამზადებული სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან. ისინი სხვადასხვა სკოლასთან დაარსებულ არაფორმალური განათლების კლუბებში მოზარდებს დამატებით, არაფორმალური სწავლების მეთოდით, ესაუბრებიან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: რწმენა, ოჯახი, სამშობლო, ადამიანი და სხვა.
ღირებულებითი განათლების პროგრამა მიზნად ისახავს, მოზარდებში საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასევე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების მომზადებას.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.