გელათის მონასტრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„საკონსერვაციო პროგრამა ორ ძირითად ფაზადაა დაყოფილი: პირველ ფაზაში განხორციელდება პრევენციული კონსერვაცია, რომლის შემდეგაც, პროფესორი ნარდი, მისი გუნდის წევრებთან ერთად, შეიმუშავებს სრულ საკონსერვაციო პროექტს და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების შემდეგ, მეორე ფაზის - მოზაიკის კომპოზიციის სრული საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ რობერტო ნარდისა და მისი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავდა მდგომარეობის კვლევის დეტალურ ანგარიშსა და სამომავლო ქმედებების საპროექტო პროგრამას შესაბამისი საგზაო რუკით, დადებითად იქნა შეფასებული მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველი ორგანოების მიერ.
გელათის მოზაიკური კომპოზიციის პრევენციული კონსერვაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2026 წლის აპრილის ბოლომდე, რაც მოზაიკის დამცავი/დამჭერი კონსტრუქციის დამონტაჟებით დასრულდება.
პარალელურად, გრძელდება გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კედლის მხატვრობის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარმა მულტიდისციპლინარულმა გუნდმა განახორციელა ერთობლივი სამუშაო მისია კომპლექსური საკითხების დეტალურად დასამუშავებლად და კონსერვაციის შემდგომი ქმედებების დასაგეგმად. კედლის მხატვრობის კონსერვაციაზე მომუშავე ჯგუფს სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ.
გელათში მიმდინარე სამუშაოები გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა და ამავე კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის მოადგილეს - თეიმურაზ გამცემლიძესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს - ნუგზარ ჩხეიძეს გააცნეს.
გელათის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს საპატრიარქო ხელმძღვანელობს. პროექტს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.