გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტს რიკარდო კოტარელას და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნიმბის“ დამფუძნებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტს, მეღვინეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტს, ცნობილ იტალიელ ენოლოგს რიკარდო კოტარელას და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნიმბის“ დამფუძნებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე იტალიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან პროდუქტს.
„საქართველომ მსოფლიოს უკვე დაუდასტურა, რომ ღვინის სამშობლოა. ახლა ღვინის ისტორიაში ახალ ეტაპზე გადასვლის დროა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული ღვინო ნიშნავდეს ხარისხს. მოხარული ვარ, რომ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე თქვენი სახით მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ჰყავს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ჩემთვის საქართველოში ღვინის დაყენების შესაძლებლობა არის ერთგვარი თავგადასავალი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მიმუშავია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მაგრამ ვაზის სამშობლოში მუშაობა მაბრუნებს ისტორიულ ფესვებთან. საქართველოში მუშაობას ჩემი პროფესიული საქმიანობის გვირგვინად და, ამავდროულად,
დასასრულად განვიხილავ. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით ქართული ღვინის ცნობადობას ახალ საფეხურზე ავიყვანთ. ქვეყანას ამის სრული რესურსი გააჩნია“,- განაცხადა რიკარდო კოტარელამ.
შეხვედრაზე ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნიმბის“ დამფუძნებლებმა მინისტრს კომპანიის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია და მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ რიკარდო კოტარელა მეღვინეობის სექტორში 60 წელზე მეტია, მუშაობს და ამჟამად მეღვინეობა „ნიმბის“ მთავარი მეღვინეა. მეღვინეობა „ნიმბი“ ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პრემიუმ ხარისხის პროდუქტით პოზიციონირებას უახლოეს მომავალში გეგმავს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო კახეთში, სოფელ ხაშმში მდებარეობს.