გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს და მობილური ლაბორატორიის გამოყენებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარემოს რადიაციული ფონური მდგომარეობის სადემონსტრაციო მონიტორინგი განახორციელეს.
ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი საკითხებისა და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ფუნქციებსა და განხორციელებულ პროექტებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მობილური ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და დანიშნულების შესახებ.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ადგილზე გასცნობოდნენ იმ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც გარემოს რადიაციული მონიტორინგი ხორციელდება.
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში კი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.