განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ სტრასბურგში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტისა და განათლების სტრატეგიის ახალი გზამკვლევის - The Compass for AI and Education პრეზენტაცია გაიმართა.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტის საგანმანათლებლო პროცესსა და კვლევაში გამოყენების შესაძლებლობები, ასევე, მისი შესაბამისობა სამართლებრივი რეგულირებისა და ეთიკის ნორმებთან. ყურადღება ასევე გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და, ამავდროულად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვას ემსახურება.
კონფერენციის ფარგლებში აღინიშნა, რომ გარდა ახალი გზამკვლევისა, ასევე საჭიროა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის პროცესში საერთო ჩარჩო დოკუმენტის და ერთიანი მიდგომის შემუშავება, რომელიც შემდგომში ადაპტირდება და ეროვნულ დონეზე დაინერგება.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, მასწავლებელთა და აკადემიური პერსონალის გადამზადება, შესაბამისი რესურსების შექმნა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.
საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს
ხელოვნური ინტელექტის და კვალიფიკაციის აღიარების შესახებ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
ზვიად გაბისონია 2025 წლის 15 ივლისიდან ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტების სამუშაო ჯგუფის არჩეული წევრია.