Loading data...
გაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება

გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალური გამოწვევების გამო გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. ანგარიშის მიხედვით, ამ ზეწოლას დამატებით აძლიერებს გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ფინანსური რისკები.

გაეროს ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2025 წლისთვის 2.8 პროცენტით არის შეფასებული, 2026 წელს პროგნოზულად ოდნავ შემცირდება და 2.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2027 წელს 2.9 პროცენტამდე გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე პერიოდის (2010–2019 წლები) საშუალო დონეს - 3.2 პროცენტს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2025 წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა, რასაც ხელი შეუწყო სამშენებლო და ტურიზმის სექტორებმა. გაეროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით, უკრაინის 2,3%-ით, ხოლო მოლდოვის 2,5%-ით გაიზრდება.

ირკვევა, რომ 2026 წელს კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ექნება. უფრო კონკრეტულად გაეროს პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით გაიზრდება სომხეთის 4.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2.7%-ის დონეზე იქნება.