ევროპის ძიუდოს პრეზიდენტი: ჩემპიონატი გამოირჩეოდა მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროთი და ორგანიზებით, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ დამსწრეზე
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა. წერილში აღნიშნულია სახელმწიფოს მხარდაჭერა. ასევე, ნათქვამია, რომ ღონისძიება განსაკუთრებული ხარისხით ჩატარდა და გამოირჩეოდა შესანიშნავი ატმოსფეროთი და ორგანიზებით.
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა, პირველად ის 2009 წელს ჩატარდა. ტურნირში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
„პატივცემულო სპორტის მინისტრო, ბატონო შალვა გოგოლაძე, ნება მიბოძეთ, ევროპის ძიუდოს კავშირის სახელით გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი ღირსეული მხარდაჭერისთვის უფროსებს შორის თბილისის 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში.
ეს პრესტიჟული ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებული ხარისხითა და ზრუნვით, მისი წარმატება კი კარგად წარმოაჩენს გაწეულ ძლიერ ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას. ასეთი ერთგულების გარეშე, მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. ჩემპიონატი გამოირჩეოდა მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროთი და ორგანიზებით, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ დამსწრეზე.
ასევე, ნება მიბოძეთ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე ასპარეზობა, რომლებმაც მედლებით პირველი ადგილი დაიკავეს.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენი წვლილისთვის. მჯერა, რომ ახლო მომავალში კვლავ დავბრუნდებით საქართველოში და იმედი მაქვს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისა მომავალ წლებში“, - წერს ლასლო ტოთი წერილში.