EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ EUROCONTROL-მა გაავრცელა.
ახალი მაჩვენებელი 4.8 პროცენტით აღემატება წინა რეკორდს, რომელიც ამავე წლის 26 ივლისს დაფიქსირდა და 292 ჩამოფრენა და გაფრენა შეადგინა.
EUROCONTROL-ის მონაცემებით, გასულ კვირას ევროპის საჰაერო ქსელის მასშტაბით ექვსი ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს აეროპორტებში.
საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მზარდი ნაკადის უსაფრთხო, მოწესრიგებულ და ეფექტიან მართვას შპს „საქაერონავიგაციის“ მეთვალყურეობის სამსახური უზრუნველყოფს.
სამსახური საჰაერო მოძრაობის მართვას 24 საათის განმავლობაში, წლის ნებისმიერ დღეს ახორციელებს.