ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.
უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ოთხი სამრთალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, სამი - სამცხე-ჯავახეთის, ერთი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამი - ქვემო ქართლის, ოთხი - გურიის, ორი - კახეთის, ერთი - მცხეთა-მთიანეთის და სამი - შიდა ქართლის რეგიონებში.
ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ოთხი ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.