Loading data...
ეროვნული კინოცენტრი: ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ „ცრემლსადენ გაზთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ ვერ გასცა თანხმობა ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმის საჯარო ჩვენებაზე.

უწყების ინფორმაციით, საპროდიუსერო კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 279 625 ლარი მიიღო, კინოცენტრს ფილმის დასრულებული ვერსია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

„ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში - „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება.

ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი გაუგზავნა საპროდიუსერო კომპანიას 2026 წლის 24 ივლისს, რაც სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.