ეროვნულ გალერეაში მოსე თოიძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მოსე თოიძის დაბადებიდან 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მოსე თოიძის მიერ შექმნილი 70 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შეირჩა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების ალბომის პრეზენტაციაც. ალბომი, რომელშიც 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალაა თავმოყრილი, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის ავტორები არიან ხელოვნებათმცოდნე, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.
ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
„მოსე თოიძის წვლილი ქართული ხელოვნების, კერძოდ, ქართული მხატვრობის განვითარებაში განუზომელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც დიდი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ასევე ალბომების გამოცემის მხარდაჭერა, რათა მათი ღვაწლი დაფასდეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მომავალ თაობებს გადაეცეს“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.