Loading data...
ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია თემაზე „კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი - რბილი ძალის პლატფორმა დიპლომატიაში“

2025 წლის 23 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია თემაზე „კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი - რბილი ძალის პლატფორმა დიპლომატიაში“, რომელსაც მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესია გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, დისკუსიაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე; კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე; სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.

„დისკუსიის ფარგლებში, საუბარი შეეხო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული დიპლომატიის როლს საქართველოს გლობალური პოზიციონირებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.

განხილული იყო სპორტის სფეროში მიღწეული შედეგები და საქართველოში საერთაშორისო ჩემპიონატების ჩატარების საკითხი.

ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და მის მნიშვნელობაზე მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით.

სამუშაო სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობის მნიშვნელობას.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია” 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.