Loading data...
ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის რეგიონულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ციურიხში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის რეგიონულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა სახელწოდებით - „ცენტრალური ბანკის მმართველობა და პოლიტიკის ჩარჩოები ცვალებად გარემოში“.

ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის ეროვნული ბანკი (SNB) და დოიჩე ბუნდესბანკი (DBB). შეხვედრებს ციურიხში შვეიცარიის ეროვნული ბანკი მასპინძლობდა.

მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრალური ბანკების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკებზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესებზე, ასევე განიხილეს ინსტიტუციური განვითარების, კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის გაძლიერების გზები.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის თავმჯდომარესთან, მარტინ შლეგელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შვეიცარიის მონეტარული პოლიტიკის გამოცდილების, ასევე, მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების განხილვას.

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება მონეტარული პოლიტიკის მართვის, რისკებზე დაფუძნებული მიდგომის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.

ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.