Loading data...
დღეს დიდი ხუთშაბათია

დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს.

ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას.

დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება წირვა და ტრადიციულად წაიკითხება 12 ვნების სახარება.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, როდესაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება, რომელშიც იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა.

ხვალ კი წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე, აცხობენ პასქებს.