დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი: დაკრძალვის დღეებში ჩვენმა ერმა გამოავლინა საოცარი თვისება, ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ და ასეთი ერთობით უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი
„დაკრძალვის დღეებში ჩვენმა ერმა გამოავლინა საოცარი თვისება, ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ და ასეთი ერთობით უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენმა ეკლესიამ მოუწოდა მორწმუნე მართლმადიდებლებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად, გულდასმით მოეკიდონ აი, ამ დღეებს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ჯერ ისევ მიმდინარეობს დიდი მარხვა, არ გასულა ჯერ 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ დაკრძალვის დღეებში ჩვენმა ერმა გამოავლინა საოცარი თვისება, მოახდინა განსაკუთრებული კონსოლიდაცია, საოცრად დიდი ემპათია გამოავლინა, ამიტომ ძალიან მოსაფრთხილებელია პირველ რიგში.
ამავე ერთობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ და ასეთი ერთობით უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი, რომელიც როგორც იცით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღიდან 2 თვემდე შუალედია, როცა წმინდა სინოდი აირჩევს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს“, - აცხადებს დეკანოზი.
კითხვაზე, რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება, რომ მან სიცოცხლეშივე დანიშნა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქმა თავის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი მაშინვე გაუსვა.
„კათოლიკოს-პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ რომ გამოაცხადა ლიტურგიის შემდეგ 2017 წელს, გიორგობა დღეს ქაშვეთში და მან ხაზი გაუსვა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და დასძინა, რომ წმინდა გიორგიმ ინება ეს. სულიერ სამყაროში ასეა, რომ არა თუ პატრიარქის ბრძანება ან მის მიერ გაცხადებული ანდერძი, არამედ ნებისმიერ სიტყვა შეიძლება იყოს ლოცვა-კურთხევა.
ასე რომ, თუკი ვინმე ამას მიიჩნევს ლოცვა-კურთხევად, არ უნდა იყოს გასაკვირი, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ სინოდის ნებისმიერი წევრი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამ არჩევანში და ჩვენ გვმართებს ლოცვა და ღირსეულად ერთობით მისვლა ამ დღემდე, როცა წმინდა სინოდი გამოარჩევს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს“, - აღნიშნავს დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.