Loading data...
დეკანოზი ილია ხინიკაძე: ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა. ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, - განაცხადა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკლესია 142-ე მამამთავარს ირჩევს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს ეკლესია ირჩევს 142-ე მამამთავარს. ეს მოვლენა ნახევარი საუკუნის შემდგომ ხდება. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ისეთი მამამთავარი გამოირჩეს, რომელიც გააგრძელებს მისი უწმინდესობის გზას, რომელმაც ეკლესია, რომელიც იყო თითქოს სუდარაგადაფარებული, გამოაცოცხლა, ეკლესია-მონასტრები გაამრავლა. სამღვდელოების რიცხვი გაიზარდა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს გზა აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა ილია ხინიკაძემ.

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ქვეყნის ახალ პატრიარქს აირჩევენ. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მიტროპოლიტ იობსა და მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, არჩეულად ჩაითვლება. კრება 13:00 საათზე დაიწყება.