Loading data...
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი: ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე

„ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა.

„დღევანდელ დღეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო აღასრულებს წირვას და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ქმედება. ეს არის გულითადი, ლოცვითი კავშირი ღმერთთან, ღვთისმშობელთან და მის უწმინდესობასთან. მისი უწმინდესობა, რომელიც არის შემოქმედი თანამედროვე ამ ეკლესიისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და სადაც ვცხოვრობთ, ამ ეკლესიაზე მზრუნველობას შესთხოვს, ამ ეკლესიის წინამძღოლობას შესთხოვს, რომ გააძლიეროს უწმინდესმა ქართველი ერი, ეკლესია, მოსაყდრე მეუფე შიო იმისთვის, რომ კეთილად უწინამძღვროს ამ პროცესებს“, - აღნიშნა მახნიაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ახალი პატრიარქის არჩევაზე საზოგადოების ნაწილის მოსაზრებებთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ჩვენ მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათა ღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, კანდიდატებთან დაკავშირებით და ეს ჩვეული პროცესები არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე. არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, ამ ჩვენი ადამიანური შფოთვის გარდა არ იგრძნობა არაფერი ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობდეს. უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მიერ, მისი მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება. ეს ისეთი რკინის ურყევი სულიერი წყობა და ლოგიკაა, რომელიც მორწმუნე ადამიანისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს - ალბათ, მეუფე შიოში დაინახა ის უნარები, თვისებები, რომლების ნაყოფიც ვნახეთ. 9 წლის განმავლობაში ის პირუთვნელად იცავდა კურთხევას და მორჩილებას მისი უწმინდესობისას. ჩვენ დავინახეთ ეს სამგლოვიარო დღეები და დიდი მადლობა ქართველ ერს, ყველა თქვენგანს ამ მხარში დგომისათვის და ასე კეთილშობილურად წარმართვისათვის. აქაც დავინახეთ მეუფე შიოს ასეთი მტკიცე ლიდერული თვისებები და მეორეს მხრივ, კოლეგიალობა, შეთანხმებულობა სხვა მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან“, - აღნიშნა დეკანოზმა იაკობმა.

ცნობისთვის, დღეს, 29 მარტს სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე შიომ აღასრულა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.