დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი
„შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, კუჭიდან სისხლდენის ფაქტი საკმაოდ ინტენსიური იყო.
„ექიმების მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, პროცესი ასე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის შემდეგ განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი. კუჭში სისხლის დენის ფაქტი იყო, საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის იოლად გამოსვლა. ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მხნეობასა და ჯანმრთელობას“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.