დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბრიუსელის ლგბტ პოლიტიკაზე: ეს არის მათი დღის წესრიგი, შაბლონი და არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების განწყობები ლგბტ დღის წესრიგთან დაკავშირებით - ეს არის სიმართლე, არ აინტერესებთ
„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეკლესია ყველა შემთხვევაში ცდილობდა, რომ გაეფრთხილებინა დასავლეთი, რა შეიძლებოდა გამოეწვია მათ პოლიტიკას, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, თუმცა ბრიუსელმა ეს არ მოისმინა და ისევ არ გაითვალისწინა ქართველი ხალხის განწყობები.
„იმ ნაწილში, რომ ეს არის მათი დღის წესრიგი, შაბლონი და არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების განწყობები ლგბტ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ეს არის სიმართლე, არ აინტერესებთ. ის, რომ ოჯახური ღირებულებებისადმი ერთგული ვართ, რომ ეკლესია ამისათვის იბრძვის, ის, რომ ვამბობთ, რომ საქართველოს დემოგრაფიული პრობლემა აქვს და აბორტი მკვლელობაა და ასე შემდეგ, ეს იმ იდეოლოგიისთვის მიუღებელია. ამიტომ ამის გაბათილება ხდება რუსული კლიშეს მიბმით. იმის ნაცვლად, რომ თავად გაითვალისწინონ ჩვენი რჩევა, თავისი დღის წესრიგი აქვთ, რომელიც საზოგადოების განწყობებს ამ ნაწილში ეწინააღმდეგება და ფიქრობენ, რომ ეკლესია არის მხოლოდ, როგორც ინსტიტუცია, მათი პოლიტიკის წინააღმდეგი, რეალურად ეს ხალხი ეკლესიის შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.