დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში იმყოფებოდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
რეგიონულ ოფისში ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებით და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ოფისში ფუნქციონირებს სრულიად თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები. აღნიშნულ ლაბორატორიებში ხორციელდება კვლევები ნიადაგის, ჰაერის და წყლის, მათ შორის შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით. იმ პოლიტიკის აღსრულებისთვის, რაც გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს, ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაა. მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურის და მსგავსი შესაძლებლობების ლაბორატორიების მოწყობის მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია ქალაქ ქუთაისშიც“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ელენე ღუბიანურის განაცხადებით, ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიებში სამომავლოდ იგეგმება შავი ზღვის მიმართულებით საკვლევი კომპონენტების კიდევ უფრო გაფართოება და უახლესი მეთოდებით წარმოება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისში თანამშრომლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია და კახა კაკაბაძე დაესწრნენ.