დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვის, მოსავლის რეალიზაციის, საექსპორტო ლოგისტიკისა და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერების მხარდაჭერას, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.
„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ჩართული მხარე შეთანხმებულად მუშაობდეს. ჩვენი მიზანია, სეზონის განმავლობაში დროულად ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ ფერმერებსა და საწარმოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ მოსავლის სრულად ათვისება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს, მათ შორის, სათბური, სადაც ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული. აღნიშნული ჯიშები საქართველოს ეროვნულ კატალოგშია რეგისტრირებული.
დავით სონღულაშვილმა ზურაბ პატარაძესა და დენის სალუქვაძესთან ერთად სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.
მინისტრთან ერთად ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.