დავით სონღულაშვილი: გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, მინისტრთან არსებული დარგობრივ საბჭოებში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა. ეს პროცესი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროცესები, ხორციელდება დარგის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობით. აგროთანადაფინანსების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა როგორც მოწვეული ექსპერტების, ასევე ადგილზე სამუშაო ჯგუფების აქტიური მონაწილეობით.
„ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი ან მუნიციპალიტეტი, სადაც არ გვქონია შეხვედრები ფერმერებთან და ადგილზე არ გავცნობოდით არსებულ მდგომარეობას. პირადად მე, გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას.
სრულყოფილად იყო შესწავლილი როგორც ქვეყნის შიდა ბაზარი, ასევე არსებული მდგომარეობა პირველადი წარმოებისა და გადამუშავების მიმართულებით. რეგიონებიდან და სხვადასხვა ასოციაციებიდან მიღებული მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილებებსა და ფორმირებაში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტომ წარმოადგინა პროგრამების ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სახით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.