Loading data...
დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მდგენელია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ეტაპზე, რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამცხე-ჯავახეთში დღეს მთავარი გამოწვევა ტყით უკანონო სარგებლობა, ბრაკონიერობა და წიაღის უკანონო მოპოვებაა. შესაბამისად, რეგიონული სამმართველო ამ მიმართულებებით სამართალდარღვევების პრევენციაზე, აღკვეთასა და გამოვლენაზე აქტიურად მუშაობს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება - გამართული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი აღჭურვილობა და პროფესიონალი კადრები, მნიშვნელოვანია იმ მასშტაბური ფუნქციების აღსრულებისთვის, რაც აღნიშნულ დეპარატმენტს აკისრია და რაც თავის თავში მოიაზრებს გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.