ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება - ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია და გაფრთხილება მშობლებს
ახლა არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს კლინიკებში მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტს განაპირობებს.
„როდესაც ვსაუბრობთ სეზონურობაზე, მხედველობაში გვაქვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება. წლევანდელი წელი საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მიმდინარეობდა H3N2 ვირუსით. ეს არის ის ვირუსი, რომელიც A ტიპის ვირუსს მიეკუთვნება. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო იმით, რომ წლის დასაწყისიდანვე გახდა H3N2, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი წამყვანი ვირუსი ქვეყანაში და მთელი სეზონის განმავლობაში სწორედ ეს ვირუსი განაპირობებდა ძირითად მიმართვიანობას როგორც პირველად ჯანდაცვის სისტემაში, ასევე, სტაციონარებში.
რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ბოლო კვირის მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ დაწყებული იანვრიდან გრიპის ვირუსი იმდენად აქტიური აღარ არის და ეს შემცირების ტენდენცია გაგრძელდა თებერვლის თვეშიც. იანვრის მეორე ნაწილში გრიპის ვირუსის ერთ-ერთი მიზეზი იყო რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც საკმაოდ მძიმე გართულებებს იწევს, განსაკუთრებით ხშირად 2 წლამდე ბავშვებში – ბრონქიოლიტს.
გრიპის ვირუსის – H3N2-ის ძირითადი გართულება კი არის ფილტვების ანთება. სწორედ ამ გართულებით მომართავდნენ ყველაზე ხშირად კლინიკებს, მათ შორის იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირი გართულება გახლდათ – ფილტვის ანთება და ბრონქიოლიტი. 40-50%-საც კი აღწევდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში პნევმონიით, იგივე ფილტვების ანთებით გართულების შემთხვევები.
თებერვლის მეორე კვირას, რესპირაციული ვირუსი გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც და მან გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც აისახა კიდევ კლინიკურ გამოვლინებაში. ახლა, არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.
ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ, შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის ჩართვას, სტვენით სუნთქვას, რაც განპირობებულია ბრონქეოლების შევიწროვებით. ამ გართულების, ასევე, მნიშვნელოვანი სიმპტომია სუნთქვის უკმარისობა, რაც შეიძლება თავის მხრივ გამოვლინდეს ცხვრ-ტუჩის არეში ციანოზით, ანუ სილურჯით. ასევე, 1 წლამდე ბავშვებში არც თუ ისე იშვიათია ცხვირის ნესტოების ბერვა – თუ სუნთქვის დროს ბავშვის ნესტობი იდრიკება, ესეც მიმანიშნებელია ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმის და ასეთი შემთხვევებიც უნდა იმართოს კლინიკაში.
თუ თქვენ შვილს - მაღალი ტემპერატურა აქვს, ხველა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა, სისუსტე - ამ ყველაფრის უკან დგას გრიპის ვირუსი. 5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პირველი 48 საათის განმავლობაში დაწყებული ანტივირუსული თერაპია არის მაქსიმალურად ეფექტური. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მშობლებს, მიმართონ ექიმს, რომელიც ბავშვის მდგომარეობას შეაფასებს. 5 წლამდე ასაკის ბავშვები გრიპის შემთხვევაში მიეკუთვნებიან - რისკის ჯგუფს, განსაკუთრებით რისკის ჯგუფია 2 წლამდე ასაკის ბავშვი.
მშობლებს ყოველთვის ვურჩევ ერთ რამეს. არის ერთ-ერთი უნივერსალური ნიშანი - გულმკერდის ჩადრეკა სუნთქვის დროს. როდესაც ხედავთ, გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები იდრიკება სუნთქვის დროს, ეს ყოველთვის მიუთითებს მძიმე მიმდინარეობაზე და ყოველთვის საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას“, - აცხადებს ჩხაიძე.