Loading data...
ბექა ოდიშარია: 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, 2025 წელს განხორციელებულმა პროექტებმა შექმნა მყარი საფუძველი, რათა ბაგა-ბაღები იყოს თანამედროვე, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბავშვზე ორიენტირებული სივრცე, სადაც აღსაზრდელები იღებენ სიყვარულით სავსე გარემოს და განვითარების საუკეთესო პირობებს.

„გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საგანმანათლებლო გარემოს გაძლიერების მიმართულებით. 2025 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, განახლდა და რეაბილიტირდა ბაგა-ბაღების შენობები, მოეწყო უსაფრთხო და თანამედროვე ეზოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სტანდარტებსა და ბავშვებისთვის მორგებულ გარემოს, სადაც თითოეულ აღსაზრდელს აქვს შესაძლებლობა თავი იგრძნოს დაცულად და კომფორტულად.

ყურადღება გამახვილდა აღმზრდელებისა და პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხს და მშობლების ნდობას ბაგა-ბაღების სისტემის მიმართ“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.