ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას.
„ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია. ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.