Loading data...
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, მოქმედ კანონმდებლობასა და სახელმწიფო პროგრამებზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ისაუბრა.

„ქვეყნისთვის დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხი უმნიშვნელოვანესია. შობადობა ნაკლებია, ვიდრე გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებაა“, - აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ოჯახების გაძლიერებაზე, სოციალურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის ცნობიერების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ოჯახის გაძლიერება სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრში უნდა იყოს. გვჭირდება სიღრმისეული ანალიზი - რა მუშაობს ეფექტიანად, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და რა ახალი ინსტრუმენტები უნდა შევქმნათ. მხოლოდ მონაცემებზე დაფუძნებული, კომპლექსური მიდგომა მოიტანს რეალურ შედეგს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრისას ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს.

სამუშაო ჯგუფი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით შეიქმნა, რომლის მუშაობაში როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე „საქსტატისა“ და საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.