ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, მიიღო.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილე მიულოცა და აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერ თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.
ორდღიან სამეცნიერო ფორუმს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ თანამშრომლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.
სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.