Loading data...
ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა

ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას - როგორც სეზონური, ასევე გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, დისტრიბუციის, სამრეწველო, სატრანსპორტო, საზღვაო, ლოგისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, ფარმაციისა და განათლების სფეროებიდან.

ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობებს რომელსაც დასაქმების ფორუმი იძლევა ორივე მხარისთვის.

ფორუმის პირველი ნაწილი სტუდენტებისთვის დაეთმო საჯარ ლექციას, სადაც ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტმა ზაზა ქოიავამ ახალგაზრდებს გასაუბრებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესახებ პრაქტიკული რჩევები გაუზიარა.

აჭარის დასაქმების ფორუმი უკვე მეექვსედ გაიმართა და ტრადიციულად დაემთხვა საზღვაო სეზონის გახსნას. მისი მიზანი იყო მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო დამსაქმებლებისთვის - კადრების შერჩევის პროცესის გამარტივება.

ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით გაიმართა.